„ბევრი უპირატესობა აქვს შუა დერეფანს, თუმცა გულხელდაკრეფილი ჯდომა და მოლოდინი - რომ გარემო ფაქტორები ტვირთს ხელს კრავს ჩვენკენ, სტაბილურს ვერაფერს მოგვცემს.“ -ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში თბილისის მშრალი პორტის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
ნინო ნემსაძის თქმით, შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, ადმინისტრაციული სირთულეებია მოსაგვარებელი.
„ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ბევრი ითქვა, მაგრამ უნდა დავამატოთ ადმინისტრაციული სირთულეები. ეს ეხება ყველა ჩართულ სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს. როცა ლოგისტიკურ პროცესებზეა საუბარი, ტვირთის საზღვარზე დაყოვნება ყოველთვის აისახება ფასებზე, . ხშირად, მომხმარებელმა შესაძლოა, კილომეტრაჟით უფრო გრძელ მარშრუტს მიანიჭოს უპირატესობა, მხოლოდ იმის გამო, რომ დროის თვალსაზრისით, უფრო მომგებიანი იყოს მისთვის. ამ ნაწილში, ჩვენ ბევრად წინ შეიძლებოდა ვყოფილიყავით, მაგრამ დაგვიანებული არასდროს არ არის. თანამშრომლობით მოსაგვარებელი სირთულეებია, ერთმანეთზე გადაჯაჭვულები ვართ. ალტერნატივები და მოქნილობა აუცილებელია. ინფრასტრუქტურასთან ერთად ადმინისტრაციული პროცესების გამარტივება და დროში შემოკლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა ნინო ნემსაძემ.